გიორგი პაპკიაური: Art face-ს ძალიან აქტიური ზაფხული გვაქვს. მალე ქართული ჯაზით აჭარასაც ვესტუმრებით. სექტემბრისთვის კიდევ უფრო ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი.
- ეკრანზეც გამოჩნდებით?
- დიახ, გამოვჩნდებით, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. ახალ სიმღერებზე კლიპების გადაღებასაც ვგეგმავთ.
- ეკრანზე გამოჩენა აქამდე რატომ არ გინდოდათ?
- ეკრანზე მაყურებელს დახვეწილი და გამართული პროდუქტი უნდა შესთავაზო. აქამდე დიდი განაცხადისთვის მზად არ ვიყავი. ახლა კი დადგა დრო, ხალხმა გაგვიცნოს, ჩემი მუსიკა შეიყვაროს და იგრძნოს ის, რასაც თავად ვგრძნობ.
- თქვენი მუსიკალური გეგმები თქვენს მეუღლეს მაგდა ვასაძეს არ უკავშირდება?
- მაგდასთან ერთად დუეტის ჩაწერას და კონცერტების გამართვას ვგეგმავ. ასე რომ არ იყოს, სირცხვილიც იქნებოდა. მუსიკასთან დაკავშირებით რჩევებს ხშირად ვცვლით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ორივე იმას ვაკეთებთ, რაც გვინდა. ჩემი მუსიკა იმდენად სპეციფიკურია, მაგდა ნაკლებად ერევა. ურთიერთობაში სრული იდილია გვაქვს. ერთ საყვარელ საქმეს ვემსახურებით, თუმცა ორი მუსიკოსის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ცოტა სიგიჟეც არის.
- რას გულისხმობთ?
- მადლობა ღმერთს, სამსართულიანი სახლი გვაქვს. ჩხუბებისა და დაშორებების ეტაპები გადავლახეთ, მაგრამ თუ ვიკამათებთ, ცოტა ხანს ერთმანეთს ვასვენებთ, მაგდა მეორე სართულზე ადის, მე დაბლა ვრჩები. 5 წუთის შემდეგ კი გვეცინება და ვრიგდებით. ტონუსში ცხოვრება ორივეს მოგვწონს.
- თქვენი გეგმები მხოლოდ მუსიკას უკავშირდება, თუ შვილის გაჩენაზეც ფიქრობთ?
- შვილის გაჩენა ყოველთვის გვაქვს გეგმაში და ეს ჩვენს საქმიანობას ხელს არ შეუშლის. ყოველთვის მინდოდა, პირველი ბიჭი მყოლოდა, მაგრამ ახლა გოგო მინდა, რადგან ბიჭი უკვე გვყავს - 11 წლის ლუკა მაგდას პირველი ქორწინებიდან ჩვენი ბიჭია. ლუკას პატარა დას, ლილუს ვაჩუქებთ.