გიორგი გაბუნია: ცირას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, მაგრამ ამასთანავე - ბევრი მოწინააღმდეგეც. სამი წლის განმავლობაში ასეთი წინააღმდეგობებით სავსე კონკურსანტი არ მახსოვს. ვიღაც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ცირას გარშემო მუდმივად ქარიშხალი ტრიალებდა. სამსახურში ვინმე სხვას თუ შევაფასებდი ან, უბრალოდ, რამეს ვიტყოდი, არავინ არაფერს ამბობდა, მაგრამ საკმარისი იყო, ცირა მეხსენებინა, რომ ერთი ამბავი ატყდებოდა. „არჩევანისთვის“ მზადების დროს ჩემს თანამშრომლებს, ცირას გულშემატკივრებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კამათი და ხოცვა-ჟლეტვა მიდიოდა! მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა: ცირა ფინალში უნაკლოდ გამოვიდა, ისევე როგორც სხვა კონკურსანტებიც, თუმცა დარბაზის რეაქციებიდან და ინტერნეტგამოკითხვებიდან გამომდინარე, ყველგან გიგი ადამაშვილი ლიდერობდა. გიგიზე დარბაზი ინგრეოდა, ამიტომ ბუნებრივად გამიჩნდა მოლოდინი, რომ ადამაშვილი გაიმარჯვებდა და არა ცირა, უცბად კი გაიმარჯვა ავთომ, რომლის გამარჯვებაც ჩემთვის ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც პირველ ლაივკონცერტზე მისი სმს-ლიდერობა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავთო ამას არ იმსახურებდა. მთელი გულით ვულოცავ მას ამ გამარჯვებას!