ტაძრის მშენებლობა 1690 წელს, პეტრე I-ის აღმზრდელისა და თანამებრძოლის თავადი ბორის გოლიცინის მამულში დაიწყო. ისე მოხდა, რომ სამეფო კარის ინტრიგების გამო, პეტრემ ბორის გოლიცინი სასახლიდან განდევნა. თავადი მეფის რისხვას ახლად შეძენილ დუბროვიცის მამულში გაერიდა, თუმცა მისი სიმართლე მალე დამტკიცდა. პეტრემ გოლიცინი სასახლეში იხმო და ბოიარის წოდება უბოძა.
სწორედ პეტრე I-თან შერიგების ნიშნად, გოლიცინმა თავის მამულში თეთრი ქვის დიდებული ტაძრის აგება გადაწყვიტა.
ტაძრის მშენებლობა 1699 წელს დასრულდა, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია და რუსეთის პატრიარქი ადრიანი ხუთი წლის მანძილზე ჯიუტად ამბობდნენ უარს მის კურთხევაზე და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა...
ეკლესიის მესვეურთა გულისწყრომა იმან გამოიწვია, რომ ღვთისმშობლის სადიდებლად აგებული ტაძარი უფრო კათოლიკურ სალოცავს ჰგავდა, ვიდრე მართლმადიდებლურს და ეკლესიურ წესებს არ შეესაბამებოდა.
ამის გარდა, ტაძრის კურთხევას გოლიცინი პეტრე I-ის გარეშე არ აპირებდა. ამ დროს კი მეფე სამხედრო ოპერაციებში იყო ჩართული და მოსკოვში ჩასასვლელად არ ეცალა. მხოლოდ 1704 წელს, შვედებისთვის აღმოსავლეთ ბალტიისპირეთის წართმევის შემდეგ, პეტრე, ბატონიშვილ ალექსეისა და სამეფო კარის დიდებულებთან ერთად, გოლიცინის მამულს ეწვია. იმ დროისთვის, მეფე საეკლესიო რეფორმას ახორციელებდა. ამასთანავე, პატრიარქი ადრიანი გარდაიცვალა და ახალმა პატრიარქმა სტეფანმა ტაძარი, დიდი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, მაინც აკურთხა.
რაც შეეხება სკანდალური ტაძრის არქიტექტურას, მიუხედავად იმისა, რომ მასში სუზდალისა და ვლადიმირის უძველესი ტაძრების არქიტექტურის ელემენტები შეინიშნება, მთლიანობაში მაინც დასავლური, კათოლიკური ეკლესიის გავლენითაა შექმნილი. ტაძრის ცენტრალური ნაწილი რვაკუთხა ძელის სახით არის აღმართული, რომელსაც თავზე, ტრადიციული გუმბათის ნაცვლად, მოოქროვილი გვირგვინი ადგას.
ტაძრის მორთულობაში, მე-18 საუკუნის ევროპული ბაროკოს სტილის მსგავსად, უამრავი სკულპტურაა გამოყენებული.
ტაძარი უხვადაა შემკული ქვისგან ნათალი ყვავილების, ფოთლებისა და ხილის მაქმანებით. ტაძრის შიდა ინტერიერში ბიბლიური სიუჟეტებიდან უამრავ რელიეფურ გამოსახულებას იხილავთ.
გუმბათის ქვედა სივრცე მთლიანად გვიანი რენესანსის სტილშია გადაწყვეტილი.
ინტერიერის მთავარი კომპოზიცია იესო ქრისტეს ჯვარცმის სცენაა. ქვაში ნაკვეთი გამოსახულებების სინატიფე გვაფიქრებინებს, რომ მათ შექმნაში კრემლის ოსტატების მონაწილეობდნენ.
საინტერესოა ტაძარში განთავსებული წარწერების ბედი. თავდაპირველად, ისინი ლათინურ ენაზე იყო შესრულებული. მოსკოვის მიტროპოლიტის ფილარეტის მოთხოვნით, ის სლავურით შეცვალეს, თუმცა 2004 წელს ისევ ლათინური ტექსტი დააბრუნეს.
ამ შედევრის შემქმნელთა სახელები უცნობია, თუმცა ცხადია, რომ ამ დიდებული ტაძრის მშენებლობა იტალიელი ოსტატების გარეშე ვერ ჩაივლიდა. ამას ადასტურებს ადგილობრივი მღვდლის სერგეი რომანოვსკი 1802 წლის მოგონებებიც, რომლებშიც წერს, რომ ტაძრის არქიტექტორი იტალიელი ოსტატი იყო.
ამჟამად, დუბროვიცის ტაძარი მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა, რომელიც მის რესტავრაციას ახორციელებს.