- ნანკა, პროექტში მონაწილეობას რატომ დასთანხმდი?
იმ პერიოდში ბავშვი გავაჩინე და კარიერაში ხანგრძლივი პაუზა მქონდა, ამიტომ პროდიუსერთან გასაუბრების შემდეგ სიხარულით დავთანხმდი წამყვანობას. სცენაზე გამოსვლამდე ძალიან ვღელავდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ადრე არასდროს მიმუშავია კამერასთან.
- მღელვარება როგორ დაძლიე?
შემოქმედებითი ჯგუფი დამეხმარა. ჩემი მეგობრები არიან. ესეც რომ არა, სცენას თავისი მაგია აქვს, სწრაფად ეჩვევი და დუნდები.
- რთულია წამყვანობა?
მთავარი სირთულე მაყურებელთან მუშაობაა; შოუს დაწყებამდე უნდა აგვერჩია, სტატიკური წამყვანები ვიქნებოდით თუ მხიარული. როცა ვიხუმრეთ და ვიაქტიურეთ, ხალხმა დაიწუწუნა, რას ცანცარებენო? სერიოზულ სახეებზე თქვეს, უჟმურები არიანო. მაყურებელი დაბნეულია და თავის სურვილებში ვერ ერკვევა, ამიტომ დინებას მივყვებით. ამის შემდეგ, აუტსაიდერის დასახელება. დროთა განმავლობაში ყველა გიყვარდება და მათი გულშემატკივარი ხდები. უყურებ, როგორ თავდაუზოგავად შრომობენ. სახლისთვის ან პირველობისთვის კი არ იბრძვიან, ცეკვა სიამოვნებთ და სურთ, პროექტში დიდხანს დარჩნენ. ვაცხადებ იმ წყვილის სახელსა-გვარს, რომელიც გავარდა, შემდეგ კი აუდიტორიას მხიარულად ვემშვიდობები. რა თქმა უნდა, ამ დროს თავს ვიკატუნებ. მესამე სირთულე იმპროვიზაციაა. მოცემულობის მიხედვით მოქმედებ. თუ მოცეკვავეები დაღლილები არიან, მაყურებლის გართობას საკუთარ თავზე იღებ. მაგალითად, ჟიურისთან კამათს იწყებ.
- პარტნიორი გამოიცვალე...
- დუტა კონკურსანტის ამპლუაში მოგვევლინა, კახამ მისი ადგილი დაიკავა და მანიკა შემოგვიერთდა. სანამ კახა სცენაზე ჩამოვიდოდა, ოთახიდან გვერთვებოდა და წყვილებს ამხნევებდა. კახასთან და დუტასთან ერთად თეატრშიც მითამაშია, ამიტომ მათთან მუშაობა ჩემთვის კომფორტული და სასიამოვნოა.
- ცეკვის გამოცდილება გაქვს?
ცეკვა არასდროს მისწავლია, თუმცა კლუბებში სიარული და გართობა მიყვარს. ხალხს ჰგონია, რომ ცეკვა ვიცი. ერთხელ შოუში საცირკო ნომერი შემასრულებინეს. დამპირდნენ, რომ ე.წ. „სტრახოვკა“ მექნებოდა, მაგრამ სცენაზე მის გარეშე გავედი. ცეკვის სწავლისთვის მხოლოდ სამი დღე მქონდა. ერთ-ერთ რეპეტიციაზე პედაგოგმა იმპროვიზაცია გადაწყვიტა. თოკზე ცალი ხელით ვიყავი ჩამოკიდებული. მითხრა, ხელი გაუშვი და მე ჰაერში დაგიჭერო. დავთანხმდი. შეიქმნა ილუზია, რომ ძირს ვენარცხებოდი. მართალია, დროულად დამიჭირა, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფი და კონკურსანტები ძალიან შევაშინეთ (იცინის). რეპეტიციებისას ხელი დამეღალა, ამიტომ „ლაივის“ დროს ცერა თითი ამისხლტდა და თოკს არასწორად ჩავეჭიდე. იმაზე კი არ ვფიქრობდი, რომ ჩამოვვარდებოდი და დავშავდებოდი, ვდარდობდი, ნომერი არ ჩავარდეს-მეთქი. ძირს დაშვების შემდეგ მივხვდი, რომ „იდეინნი“ ვარ და მსახიობებს, ზოგადად, აკლიათ.
- პროექტში ყოფნისას ყველაზე მკაფიოდ რა დაგამახსოვრდა?
ერთ-ერთ „ლაივზე“ რეკლამიდან მაყურებელს დავუბრუნდით. მე და დუტას სარეკლამო ტექსტები უნდა წაგვეკითხა, ის კი გაქრა. დუტას სიტყვის წარმოთქმა მომიწია, მაგრამ მხოლოდ შინაარსი მახსოვდა. უეცრად შუქები შეიცვალა და მუსიკა ჩაირთო. თვალს მაკლია, ამიტომ უცბად ვერ გავარჩიე სანთლებანთებული ტორტი. როცა დუტა მომიახლოვდა, ბედნიერებისგან კინაღამ ვიტირე.
- ნანკა, რატომ უნდა უყუროს მაყურებელმა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“?
კარგ ხასიათზე რომ იყოს, ცოტა ხანს განიტვირთოს და ყოფითი პრობლემები დაივიწყოს. ამ ორი საათის განმავლობაში ვცდილობთ, ცხოვრება გავუხალისოთ.
- როგორ ახერხებ დედობისა და კარიერის შეთავსებას?
- ო... რთულია. მე და ჩემს შვილს საოცრად გვენატრება ერთმანეთი. უკვე სამი წლის ხდება. 6 ივნისს, მის დაბადების დღეზე შოუ მაქვს... არ ვიცი, რა გავაკეთო. ცოტა ხნის წინ ბებიამისს გამოუცხადა „ახლა სახლში ავალ და ვიტირებ, იმიტომ რომ ვიცი, დედა არ დამხვდებაო“. თუ თავისუფალ დროს ვპოულობ, პირდაპირ შინ გავრბივარ. ვცდილობ, შუადღისას და ღამე დავაძინო. ამ დროს განსაკუთრებით ახლოვდება დედა-შვილი.