- „ჩცდ“-ში რომ გამათხოვეს, ჩემი ხაზიც მაშინ დასრულდა. სწორედ ამ პერიოდში მოვილოცე იერუსალიმი. ქრისტეს საფლავზე უფალს ქმარ-შვილის ყოლა შევთხოვე. დაბრუნებიდან თვე-ნახევარში მე და ლევან ჩაჩუა დავოჯახდით. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სასწაული არ მომხდარა! სერიალში გამათხოვეს თუ არა, ისე განვითარდა მოვლენები, რეალურ ცხოვრებაშიც გავთხოვდი. დღეს უკვე 1 წლის ნიკოლოზის დედა ვარ!
- ოჯახის შექმნის შემდეგ ეკრანზეც არ გამოჩენილხართ...
- დღეს არსად რომ არ ვჩანვარ, ეს ოჯახის ბრალი არ არის. მეუღლე ძალიან მიდგას გვერდში და კარიერაში არასდროს შემიშლის ხელს. ამ ხნის განმავლობაში არც სერიალიდან და არც ფილმიდან შემოთავაზება არ მქონია. მთელი ცხოვრება შვილზე ვოცნებობდი, რომელიც 38 წლის ასაკში გამიჩნდა და შემოთავაზება რომც მქონოდა, ჩვილის მიტოვება გამიჭირდებოდა.
- როგორ ფიქრობთ, მაყურებელს ახსოვხართ?
- ორი წელი გავიდა, რაც მე და ჩემი პერსონაჟი გავთხოვდით და ეკრანზე არ გამოვჩენილვარ, მაგრამ საკმარისია, უცხო გარემოში მოვხვდე, ყველა ჩემს გმირს იხსენებს.
- „ჩცდ“-დან ისევ რომ მიიღოთ შემოთავაზება, დასთანხმდებით?
- სერიალს ისეთი გუნდი ჰყავს, მათთან თანამშრომლობას სიამოვნებით გავაგრძელებდი, თუმცა მგონია, რომ „ჩცდ“ ფინალისკენ მიდის.
- გათხოვილი ქალის ამპლუაში რა როლზე იტყოდით უარს, რასაც დაოჯახებამდე უპრობლემოდ თანხმდებოდით?
- გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემი ქმარი ტიპური კავკასიელი აზიატი მამაკაცია, რომელიც უარყოფით გმირებს ცუდად განიხილავს. უარყოფითია მისთვის თამამი სცენები თუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლის შესრულება. ეს მან გულწრფელად მითხრა.
- წლების წინათ სოხუმის თეატრში თქვენ მიერ შესრულებულ თამამ სცენაზე ბევრს წერდნენ...
- ეს სპექტაკლი კონსტანტინე გამსახურდიას ნოველების მიხედვით დაიდგა, სადაც დიმა ჯაიანთან ერთად მთავარი როლი შევასრულე. არც კოცნა იყო და არც სიშიშვლე. ლამაზად შეფუთულ ინტიმურ სცენაში ვითამაშე, თუმცა ახლა, ჩემი მეუღლის აზრის გათვალისწინებით, ასეთ სცენებზეც უარს ვიტყვი.
- მეუღლემ ხომ შეიძლება, არჩევანის წინაშეც დაგაყენოთ - ოჯახი ან კარიერა...
- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია და ჩემი უსაყვარლესი პროფესია მაინც მეორე პლანზე დგას. ამიტომ ლევანმა არჩევანის წინაშე რომ დამაყენოს, რა თქმა უნდა, ქმარ-შვილს ავირჩევ.