დღის დედოფალია 22 წლის მაგდა ბოლქვაძე, იურისტი.
სიძე - 24 წლის მამუკა დევაძე. მამუკა მინი ფეხბურთს, ე.წ ფუტსალს თამაშობს.
მაგდამ და მამუკამ ერთმანეთი მაგდას დისა და სიძის სახლში გაიცნეს.
მაშინ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, არც კი უფიქრიათ, რომ რაღაც ახალი იწყებოდა მათ ცხოვრებაში.
რაც შემდგომ მოხდა, შეიძლება ითქვას, მაგდას სიძის დამსახურებაა. პირველად მან შენიშნა, რომ მაგდა და მამუკა ერთმანეთს ძალიან უხდებოდნენ და ამას ხშირად აღნიშნავდა კიდეც.
მართლაც ისე მოხდა, რომ დაახლოვდნენ, დაიწყეს მიმოწერა, პაემნები... წელიწად-ნახევარში კი მამუკამ ხელი სთხოვა საყვარელ ქალს.
მშობლებმა იცოდნენ მათი ურთიერთობის შესახებ და ოფიციალურ, ტრადიციულ ნიშნობასაც აპირებდნენ, თუმცა მამუკამ მოვლენებს დაასწრო და მაგდა სასიამოვნოდ გააოცა.
გააფრთხილა, რომ ქალაქგარეთ მიდიოდნენ. შორი გზა გაიარეს, ვერაფრით ხვდებოდა მაგდა, საით მიდიოდნენ, თუმცა დანიშნულების ადგილას რომ ჩავიდნენ, სიურპრიზით აღფრთოვანდა. ადრე ნათქვამი ჰქონდა, რომ ედაში ღვინის ულამაზესი სახლი იყო და ყოველთვის უნდოდა სტუმრობა.
სწორედ ღვინის სახლში მიიყვანა მამუკამ. რესტორანში დასხდნენ, ღია ცის ქვეშ. ცოტა ხნით გავიდა მამუკა და უკან თაიგულით ხელში დაბრუნდა. მაგდას ეგონა, თაიგული იყო სიურპრიზი, თუმცა უცებ დაიჩოქა და მაგდას ბეჭედი გაუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მალე შეუღლებას ისედაც აპირებდნენ, მაგდამ ცრემლები ვერ შეიკავა.