დღის დედოფალია 24 წლის მარიამ ბეჭვაია, საჯარო მოხელე.
სიძე - 25 წლის ნიკოლოზ აფაქიძე, ფეხბურთელი.
დაწყებით კლასებში მარიამი და ნიკოლოზი ერთად სწავლობდნენ, შემდეგ სხვადასხვა სკოლებში გადავიდნენ და 10 წელიწადზე მეტხანს ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ. მხოლოდ სახელი და გვარი ახსოვდა მარიამს, იცოდა, რომ ნიკოლოზი ფეხბურთელი იყო და როცა ტელევიზორში ხედავდა, ბავშვური სიამაყით ამბობდა, რომ ეს ბიჭი მისი კლასელი იყო.
ერთ ზაფხულს მშობლიურ ქალაქში სეირნობისას მარიამი უცნობმა ბიჭმა გააჩერა და გამოეცნაურა. მიუხედავად გასული წლებისა, ერთმანეთი იცნეს და მათი კონტაქტიც აღდგა.
თავიდან უბრალოდ მეგობრობდნენ. ნიკა თავის სიახლეებს უამბობდა, მარიამი თავისას უყვებოდა და არც უფიქრია, მათი ურთიერთობა სულ სხვა მიმართულებით თუ განვითარდებოდა, მაგრამ...
შემდეგ იყო შეყვარებულობის დაუვიწყარი 5 წელი, რომელსაც სხვადასხვა სირთულეებიც ახლდა. ნიკა ფეხბურთელია და მუდმივად სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში უწევდა ცხოვრება. მანძილის გამო დაშორება თავიდან ორივეს ძალიან უჭირდა, თუმცა მათი ყოველი შეხვედრა განსაკუთრებული იყო.
ერთ-ერთ ზაფხულს ზღვაზე ისვენებდნენ. წამოსვლამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. კატერიდან პარაშუტით აფრინდნენ. ზღვის თავზე ნიკამ მოულოდნელად საიდანღაც ბეჭედი გამოაჩინა და მარიამს ცოლობა სთხოვა.
„არის წუთები როცა ბედნიერებისგან სუნთქვა გეკვრება... დღესაც მიჭირს იმ ემოციის გაზიარება, რაც მაშინ განვიცადე, ეს იყო საოცარი დღე ჩემს ცხოვრებაში“, - იხსენებს მარიამი.
მათი ურთიერთობა ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა.
„ამ დროს შენ გარშემო იწყებს ბრუნვას. ყველა ადამიანი იმსახურებს, შეხვდეს იმ ერთს, მისთვის შექმნილს… მე ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და ის ჩემთვის გაჩნდა!“ - ამბობს მარიამი.