ციცი და სანდროს მამა ერთად მუშაობდნენ. მათ ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ციციც და სანდროც მხატვრობით არიან დაინტერესებულები და ნახატებს აგროვებენ.
სწორედ ამ მიზეზით სანდროს მამამ ციცი სახლში დაპატიჟა სანდროს გასაცნობად.
გოგოს დღემდე ახსოვს, როგორი დაბღვერილი სახით დახვდა ბიჭი თავის პატარა „მუზეუმში“, თუმცა მალევე დამეგობრდნენ და ბევრი საერთო ინტერესიც აღმოაჩინეს.
ყველაზე სიმბოლური სანდროს პირველი საჩუქარი იყო - მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის „გოგო და ბიჭი ტკბილეულით“, თითქოს ამით მიანიშნა, რომ ცხოვრების გზაზე მუდამ ასე იქნებოდნენ, გვერდიგვერდ.
ამას მოჰყვა ბევრი სიურპრიზი... ერთხელაც ციცის უთხრა, რომ თავის ყველაზე ძვირფას კოლექციას აჩვენებდა და სახლში დაპატიჟა. კედელთან მისულ ციცის კი ჩარჩოში ჩასმული საკუთარი ფოტოები დახვდა.
გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ სანდრომ ციცის ხელი იმ ადგილას სთხოვა, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს - ნახატების კედელთან და მალევე ულამაზესი ნიშნობაც ჰქონდათ.
ციცი და სანდრო თავდავიწყებით არიან ერთმანეთზე შეყვარებულები. ერთმანეთის სახელის გაგონებაზეც კი ეღიმებათ, გული სითბოთი ევსებათ და, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, მზე მათთვის ყოველთვის ანათებს.