დღის დედოფალია 19 წლის თეა ფარსადანაშვილი.
სიძე - 31 წლის ნიკოლოზ მესხი.
ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გაიცნეს 2015 წლის 17 აპრილს, მოდის კვირეულზე. ნიკოლოზი ფოტოგრაფია. თეა სარკეში სელფს იღებდა, ნიკოლოზმა შენიშნა და ფოტო გადაუღო. მეორე დილას კი სოციალურ ქსელში გაუგზავნა და მისწერა, იმედია, მოგეწონებაო. თეას თავისი ფოტო ძალიან მოეწონა.
ასე დაიწყო მათი ურთიერთობა, ჯერ მხოლოდ ნაცნობობით და უბრალო მიმოწერით. მოდის კვირეულის შემდეგ პირველად თეას ბანკეტზე შეხვდნენ ერთმანეთს, მისი სკოლის გამოსაშვები საღამო ნიკოლოზმა გადაიღო.
მალევე გააცნობიერა თეამ, რომ ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. მიხვდა, რომ ნიკოლოზი იქნებოდა მისი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი, ამიტომაც რამდენიმე ხნის შემდეგ თამამად გადადგა პირველი ნაბიჯი და ნიკოლოზს გამოუტყდა, რომ უყვარდა. პასუხმაც არ დააყოვნა და იმ დღიდან მოყოლებული მათი ყოველი დღე სიყვარულითა და ბედნიერებით არის სავსე.
თავიანთი ურთიერთობა ერთი თვის წინ ულამაზესი ქორწილით დააგვირგვინეს.