დღის დედოფალია 22 წლის მარიამ მელიქიშვილი.
სიძე - 27 წლის დათო კვანტიძე.
მათი ისტორია შემთხვევით შეხვედრით დაიწყო. ბიჭმა გოგო ქუჩაში სახლისკენ მიმავალი დაინახა. სასწრაფოდ გააჩერა მანქანა და უკან ფეხით გაჰყვა. გოგო სადარბაზოში რომ შევიდა, მისი სახელი ბიჭმა იქვე მდგომ მეზობელ ქალს ჰკითხა და შემდეგ თანდათან ყველაფერი გაიგო.
იყო უამრავი სიურპრიზი. სადაც მარიამი გამოჩნდებოდა, დათოც მუდამ იქვე ტრიალებდა. ცდილობდა, გოგოს სამეგობროსთან საერთო ენა გამოენახა და ეს მოახერხა კიდეც.
მალე მარიამსაც გაუჩნდა ინტერესი და ყველაფერი ეტაპობრივად განვითარდა.
ისე მოხდა, რომ მარიამის ერთ დაბადების დღეზე ერთმანეთი გაიცნეს, მეორე დაბადების დღეზე კი დათომ უკვე ხელი სთხოვა.
ქორწილის ორგანიზება და საქორწილო მოგზაურობის დაგეგმვა დათომ აიღო საკუთარ თავზე, რადგან მარიამს გამოცდები ჰქონდა და ქორწილზე ფიქრის დრო ნაკლებად რჩებოდა, თუმცა დათომ არაჩვეულებრივად გაართვა თავი მოვალეობას და ორივესთვის საოცნებო ქორწილმაც ლამაზად ჩაიარა.