დღის დედოფალია 23 წლის თეკლა ვეკუა.
სიძე - 23 წლის ლევან ბაწელაშვილი.
ლევანმა თეკლა ტელევიზორში აღმოაჩინა, რომელიც მაშინ ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდა.
ლევანმა ნამდვილი გამოძიება ჩაატარა - გაიგო, ვინ იყო, სად სწავლობდა, სად მუშაობდა და... მოკლედ, ყველა დეტალი, იმის ჩათვლით, რომ 29 დეკემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის ყოველწლიურ საახალწლო წვეულებაზე მიდიოდა. ბიჭმა პირველი ნაბიჯი იქ გადადგა და გოგოს ულამაზესი თაიგული გაუგზავნა, წარწერით „To me you`re perfect. It`s the first step, what will be the next?...“
აქედან დაიწყო ყოველდღიური სიურპრიზები და საჩუქრები სახლსა თუ სამსახურში უცნობი ადამიანისგან.
პარალელურად 6 სხვადასხვა ნომრიდან მისდიოდა შეტყობინებები ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვებით, რომლებიც საბოლოოდ საყვარელი წიგნებიდან ან ფილმებიდან ფრაზები აღმოჩნდებოდა ხოლმე.
ვიღაც „შერლოკი“ ძალიან დამაბნევლად ეთამაშებოდა თეკლას.
ბოლოს გოგომ ვეღარ მოითმინა და ერთ-ერთ ნომერს სმს-ით უპასუხა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ლევანისთვის მიუწერია: „ნუ გგონია საკუთარი თავი შერლოკი და ნურც მე გგონივარ აირინ ადლერი. სჯობს, გამოჩნდე“.
პასუხად კი მოკლე და კონკრეტული პასუხი მიიღო, - „მინდა, იყო Sherlocked“.
მეორე დღეს მედიათეკაში მეცადინეობისას თეკლასთან უცნობი მივიდა, წინ მისი საყვარელი სუნამო დაუდო და უთხრა: „გამარჯობა, მე ლევანი ვარ“.