დღის დედოფალია 27 წლის მარიამ ელბაქიძე.
სიძე - 28 წლის დავით კუდაშვილი.
ერთმანეთი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიცნეს. აღმოჩნდა, რომ ორივეს უყვარდა მთა, სიარული, სიმღერა, ქართული ტრადიციები. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი რამ აერთიანებდათ, მათ შორის, საერთო მეგობრებიც.
დათო ბიჭების ანსამბლში მღეროდა, მარიამი - გოგონების. ყველასთან მეგობრობდნენ, თუმცა ერთმანეთის მიმართ მაინც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ.
უნივერსიტეტს რომ ამთავრებდნენ, მაშინ დაიწყო დათომ აქტიურობა.
მარიამი, მეგობრებთან ერთად, რაჭაში ისვენებდა. ჩააკითხა. იქ დაიწყო მათი სიყვარულის ისტორიაც.
ჯვარი მყინვარწვერის კალთაზე, ზღვის დონიდან 4100 მეტრზე დაიწერეს პატარა სამებაში.
დაახლოებით, 32 კილომეტრის ფეხით გავლა მოუხდათ, თუმცა დაღლილობა არავის უგრძნია. მეგობრების მხარდაჭერით მარიამმა და დათომ ზღაპრულად ბედნიერი დღე აჩუქეს ერთმანეთს.