დღის დედოფალია 23 წლის ქეთი გიორგაძე.
სიძე - 23 წლის ამირან ავალიანი.
ერთმანეთს უკვე დიდი ხანია იცნობენ, კლასელები იყვნენ, თუმცა არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ამიკო სულ აწვალებდა ქეთის და ხშირად ჩხუბობდნენ.
ვერასდროს წარმოიდგენდნენ, ერთმანეთი თუ შეუყვარდებოდათ...
მეცხრე კლასში სხვადასხვა სკოლაში გადავიდნენ და აღარანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ.
შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარეს. ამიკოს სასწავლებელი ქეთის სახლთან ახლოს იყო და პირველ კურსზე რომ იყვნენ, ერთმანეთს ქუჩაში ხშირად ხვდებოდნენ შემთხვევით.
შემდეგ დაიწყეს სოციალურ ქსელში მიმოწერა. კარგად ვერ ხვდებოდა ქეთი, საით მიდიოდა მათი ურთიერთობა...
რამდენჯერმე დაუგეგმავად შეხვდნენ ერთმანეთს და ისეირნეს. როგორც ფილმებში ხდება - ტყეში სეირნობდნენ, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდნენ, დარბოდნენ.
ერთმანეთი როდის შეუყვარდათ, თავადაც ვერ ხვდებიან, თუმცა მათი ურთიერთობა ყოველთვის იყო ლამაზი მომენტებით სავსე. ახალი წლის ღამეს კუს ტბაზე ავიდნენ, თოვდა, ტბაც გაყინული იყო.
სულ მარტოები იყვნენ. იქ გამოუტყდა პირველად ღიად საკუთარ გრძნობებში ამიკო.
ერთმანეთთან ყოველთვის გულახდილები არიან, მუდამ ერთმანეთის ბედნიერებაზე ზრუნავენ და ცდილობენ, სიურპრიზებით ხშირად გაანებივრონ ერთმანეთი.
ერთხელ ქეთიმ ამიკო შეხვედრაზე დაიბარა. იქიდან ისრებით უნდა გამოჰყოლოდა გზას. გზადაგზა სხვადასხვა წარწერები ხვდებოდა, დანიშნულების ადგილას კი ქეთი ელოდებოდა, თავისი გამომცხვარი პირველი კექსით.
შეყვარებულების ამპლუაში 2 წელი და 6 თვე გაატარეს.
ხელი თავის დაბადების დღეზე ორიგინალურად სთხოვა ამიკომ - სიმღერით. ტექსტი თავად დაწერა, მუსიკა ძმამ დაუწერა.
ქორწილი სექტემბერში ჰქონდათ. ძალიან ნერვიულობდნენ, უნდოდათ, ყველაფერი სადა და ლამაზი ყოფილიყო. საბოლოოდ, ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც გეგმავდნენ.