დღის დედოფალია 20 წლის მარი გორგაძე.
სიძე - 22 წლის გიორგი გათენაძე.
ერთმანეთი 6 წლის წინათ სკოლაში გაიცნეს. მარი მეცხრე კლასში იყო, გიო - მეათეში.
ურთიერთობა მარტივად აეწყო. უკამათიათ, თუმცა სერიოზულად არასდროს უჩხუბიათ. მათი გაბრაზება 2 დღეს თუ გრძელდებოდა მხოლოდ.
შეყვარებულების ამპლუაში 5 წელი და 4 თვე გაატარეს. დაოჯახებაზეც ფიქრობდნენ, მაგრამ ჯერ სკოლის დამთავრებას, შემდეგ კი უმაღლესში ჩაბარებას ელოდნენ. მარიმ პირველი კურსი რომ დაამთავრა, იქორწინეს კიდეც.
ყველაფერი ტრადიციულად მოხდა. გიოს ოჯახიდან მარის ოჯახში მშობლებთან სალაპარაკოდ უფროსი მამაკაცები მივიდნენ. მარის დედამ იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მარის მამამ მხოლოდ წინა დღით გაიგო. მარის მშობლებისგან გიოს ნათესავებმა მიიღეს თანხმობა, რომ მარი ცოლად გაჰყოლოდა. ამას აჭარაში სიტყვის გატანას უწოდებენ.
ასე დაიგეგმა ნიშნობის, შემდეგ კი ქორწინების თარიღები და ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა.