დღის დედოფალია 22 წლის მარი შუბალიძე, სტუდენტი.
სიძე - 29 წლის გიორგი თოფურია, იურისტი.
განათლება ორივემ უცხოეთში მიიღო.
მარი ინგლისში სწავლობდა. არდადეგებზე მეგობართან ერთად ბათუმში ჩამოსვლა და ზაფხულის საქართველოში გატარება გადაწყვიტა.
იმ პერიოდში ჩამოვიდა გიორგიც ჰოლანდიიდან თავის იქაურ მეგობართან ერთად.
ისე მოხდა, რომ საღამოს გასატარებლად ერთსა და იმავე ადგილას გადაწყვიტეს უცხოელ მეგობრებთან ერთად მისვლა.
იქ მყოფებს ერთმანეთისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ, თუმცა გოგოებმა წამოსვლა რომ დააპირეს, ბიჭებმა გაცილება შესთავაზეს. გიორგის გზაში ხმა არ ამოუღია. თავი უცხოელად მოაჩვენა, მაგრამ მეორე დღეს სოციალურ ქსელში ქართული სახელით დაუმეგობრდა მარიამს.
გაცნობის მეორე დღესვე შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი პაემანიც ბათუმში ჰქონდათ. გადაწყვიტეს, მესამე დღეს იქ წასულიყვნენ, სადაც ერთმანეთი გაიცნეს და მესამე დღესვე გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში.
ამბობენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. თითქოს, ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები, ისე უცნაურად და შემთხვევით შეხვდნენ სიყვარულს, რომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ეს მათი ბედისწერა იყო.