დღის დედოფალია 27 წლის მირანდა პაპუნიძე, პროფესიით ბუღალტერი.
სიძე - 28 წლის ავთანდილ დოლიძე, ფინანსისტი.
მირანდა სამშენებლო კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, როდესაც მის უფროსად ავთო დანიშნეს.
გაცნობისთანავე მოეწონა გოგოს ბიჭის შეხედულებები, იუმორის გრძნობა და მშვიდი ხასიათი. თანაც იქ მუშაობის ისეთი ტემპი და გრაფიკი იყო, ავთო სულ აოცებდა თავისი სიმშვიდით.
გაცნობიდან 8 თვის შემდეგ შეყვარებულების ამპლუაში აღმოჩნდნენ და წელიწადი და 4 თვე ასე გაატარეს თანამშრომლებისგან მამულად. მათი ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც მირანდამ სამსახური შეიცვალა და წყვილი დაინიშნა.
ამბის დამალვა თავიდან ძალიან გაუჭირდათ. მირანდას მამაც ამ კომპანიის თანამშრომელი იყო და ეს გადაწყვეტილება თავიდან ამიტომ მიიღეს. დროთა განმავლობაში მამას ყველაფერი უთხრეს, თუმცა სიტუაციას ისე შეეჩვივნენ, გადაწყვიტეს, ნიშნობამდე არაფერი ეთქვათ.
სიყვარულში რომ გამოუტყდა ავთო, მაშინაც თანამშრომლებთან ერთად იყვნენ, თუმცა მთელი გუნდი ერთად იმდენად ხშირად ატარებდა დროს, რომ ვერავინ ეჭვობდა ავთოსა და მირანდას სიყვარულს.
ფლირტის პერიოდიც უცნაური ჰქონდათ. როგორც წესი, წყვილები ღამეებს ათენებენ მიმოწერაში, ერთმანეთთან თავის წარმოჩენას ცდილობენ. მირანდა და ავთო კი გვიანობამდე მუშაობდნენ და გადაღლილები, გაუპრანჭავი სახეებითა და ხასიათებით ურთიერთობდნენ.