- რა არის მთავარი ამოცანა კლინიკა „კანის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისთვის?
- სხვათა შორის, კლინიკა „კანიდან“ შემოთავაზება ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, რადგან მანამდე ქართული თანამედროვე ფილმების პიარში ვიყავი და სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. თუმცა, რადგან მუდმივად ახლის ძიებასა და განვითარებაში ვარ, გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.
კლინიკაში საწყის ეტაპზე მთავარ ამოცანად დავისახე ექიმებისა და კლინიკების მიმართ შიშის გაქარწყლება. პაციენტებთან მუდმივ კონტაქტზე ვართ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ და პრობლემას ბოლომდე არ მოვუგვარებთ. სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურები ვართ. 100 000-მდე გამომწერი გვყავს, რომლებიც ექიმებისგან რჩევებსაც იღებენ. ღიმილიან ადმინისტრატორებზე ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სამუშაო დღეს ფონად მუსიკა გასდევს. ჩვენთან პაციენტი არ ისტრესება. გუნდის პოზიციის მიხედვით, დაავადებების უმრავლესობა სტრესისგან მომდინარეობს და პაციენტს, პირველ რიგში, დადებითი მუხტი და აურა სჭირდება.
- თქვენი გუნდი სოციალურ კამპანიებსაც აქტიურად ატარებს...
- დიახ, ამით ვცდილობთ, დავამსხვრიოთ ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპები, რომლებიც მძიმე შედეგების მომტანია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გვქონდა მნიშვნელოვანი კამპანია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. წყვილებს სექსის წინ ანალიზის გაკეთების კი არ უნდა რცხვენოდეთ, არამედ უნდა გაიაზრონ, რომ ამით ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ვენერიული ინფექციების სტატისტიკაც საგანგაშოა და როცა მივხვდით, რომ ეს უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი იყო, კამპანია გავააქტიურეთ და მაქსიმალურად შევეცადეთ, ბევრი ადამიანი მოგვეცვა.
გამოვყოფ კიდევ ერთ კამპანიას, რომელიც კანის კიბოს პრევენციას ემსახურებოდა. ამასთან დაკავშირებით გასულ წელს მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ; ნანი ბრეგვაძის, ქეთევან ქემოკლიძისა და სხვა მნიშვნელოვანი ფიგურების სახით კეთილი ნების ელჩებიც გვყავდა, რომლებმაც კამპანიას მხარი დაუჭირეს. ხალხს მოვუწოდეთ, რომ დროული პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რაც კანის კიბოს მაჩვენებელს შეამცირებს.
ჩვენ კონკრეტულ სერვისს კი არ ვაპიარებთ, არამედ ადამიანებს ვუხსნით, რატომ არის მნიშვნელოვანი ესა თუ ის გამოკვლევა.
- რა სიახლეები გაქვთ?
- ჩვენს კლინიკაში მუდმივად შემოდის ახალი სერვისები. კლინიკაში ხშირად ჩამოდიან ევროპელი პარტნიორები, დერმატოლოგები და პაციენტებს იღებენ. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს პოდოლოგიაზეც - ტერფის პრობლემების მკურნალობაზე. თბილისის გარდა, ფილიალები გვაქვს ბათუმსა და ქუთაისში, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, გაფართოებასაც ვგეგმავთ.
- რას ნიშნავს თქვენთვის პიარი?
- პიარის დანიშნულება კეთილგანწყობის სწორად მოპოვებაა. რატომღაც საქართველოში ჰგონიათ, რომ, თუ რამეს აპიარებ, ამით ხალხს მოტყუებით აწვდი ამა თუ იმ პროდუქტსა თუ პროექტს. ჩემთვის მთავარი ამოცანა ყოველთვის ის არის, რომ მომხმარებელი არ მოტყუვდეს და ის მოლოდინი გავუმართლო, რა მოლოდინსაც პიარსტრატეგიით ვქმნი. ჩვენს ქვეყანაში რატომღაც არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც შავი პიარიც პიარია, რაც მე არ მესმის. მგონია, რომ ამით თავს იმართლებენ ან იმშვიდებენ. ჩემთვის პიარი კეთილგანწყობას ნიშნავს, პოზიტიურია და ნათელ ფერებშია.
პიარმენეჯერობა ძალიან სტრესული სამუშაოა. ეს არ არის ისეთი სამსახური, რომელსაც კონკრეტულ დროს დავიწყებ და დავამთავრებ. საქმეს, რომელსაც ვკურირებ, მუდმივად ინფორმაციის მოძიება და დიდი შრომა სჭირდება. მხოლოდ დიდი სანაცნობო წრე არ ნიშნავს იმას, რომ პიარკამპანიას სწორად დაგეგმავ.