,,აქ ზის თფილისი“ - ჩცდ-ს მსახიობების თავშეყრის ახალი ადგილი
ლევან სუხიტაშვილი: ოცნება ავისრულე! კარალეთიდან ვარ ჩამოთრეული, კლუბს „აქ ზის თფილისი“ დავარქვი, მაგრამ აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მადლობა მარინა ბერიძეს იმისთვის, რომ მომცა უფლება, ჩემი პატარა კლუბისთვის მისი ყველაზე პოპულარული ფრაზა დამერქმია. ჩემი ფრაზის გამოყენების უფლებას მხოლოდ სუხიტებს მოგცემთო, მითხრა. პრეზენტაციაზე დავპატიჟე კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსვლა ვერ მოახერხა. ეს ადამიანი ყოველთვის „აქ ზის თფილისის“ ყველაზე საპატიო სტუმარი იქნება.
ნანუკა გულუა: სეზონის ბოლოს განსხვავებული, კიდევ უფრო დატვირთული რეჟიმი გვქონდა. ემოციებით ვარ სავსე! მაგარია, რომ „აქ ზის თფილისი“ გაიხსნა. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენს საყვარელ მაყურებელს შეუძლია, მოვიდეს და ხშირად გვნახოს. მომდევნო სეზონამდე ლევანის კლუბში მოვიყრით ხოლმე თავს. პრეზენტაციას ვერ გამოვტოვებდი. ისეთი კარგი ფეხი მაქვს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად წავა.
მარიშკა ჯავახაძე: მჯერა, რომ რაღაცის დასასრული ახლის დასაწყისია. ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემი და დოჩის ხაზი ისე დამთავრდა, რომ, წესით, მომდევნო სეზონში ძალიან მაგრად უნდა განვითარდეს. გადაღებები მოგვენატრება, მაგრამ „აქ ზის თფილისში“ ხშირად მოვალთ და ამ პერიოდს ერთად გადავიტანთ. სეზონი რომ განახლდება, ყველა გადაღების შემდეგ ამ კლუბში შევიკრიბებით ხოლმე.