საჭირო პროდუქტი:
შერეული ფარში (ღორის+საქონლის) - 1 კგ;
ბრინჯი - ნახევარი ჭიქა;
კვერცხი - 2 ცალი;
ნიორი - 2-3 კბილი;
პურის ფქვილი - 4 ს/კ;
შაქარი - 1 ჩ/კ (სწორედ შაქრის დამატება აძლევს კერძს განსაკუთრებულ გემოს);
კარაქი - 2 ს/კ;
სტაფილო - 1 ცალი;
ხახვი - 1 ცალი;
ტომატის წვენი - 300 მლ ან ტომატი - 2 ს/კ;
მარილი, პილპილი - გემოვნებით.
ტიფტელის მომზადების წესი:
ფარშს დაამატეთ ბრინჯი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და ათქვეფილი კვერცხი. მიღებული მასა საგულდაგულოდ გადაურიეთ, მიეცით ბურთულის ფორმა და ამოავლეთ პურის ფქვილში.
გაცხელებულ ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ზედ ხორცის ბურთულები შეწვით. შეწვის პროცესში პერიოდულად გადააბრუნეთ და როგორც კი შეიწვება, ცალკე ქვაბში გადაიტანეთ.
შემდეგ, როდესაც ხორცის ბურთულების შეწვას დაასრულებთ, იმავე ტაფაზე მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. როგორც კი ბოსტნეული მოითუშება, დაასხით ზედ ტომატის სოუსი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი მარილი.
თეფშზე დარჩენილი პურის ფქვილი (რომელშიც ხორცის ბურთულები ამოავლეთ) გახსენით წყალში, დაასხით ბოსტნეულიან ტაფაზე და დაელოდეთ ადუღებას. როგორც კი ადუღდება, სოუსი მზად არის.
ეს სოუსი მოასხით ცალკე ქვაბში მოთავსებულ ხორცის ბურთულებს, დაახურეთ თავსახური და შემოდგით საშუალო ცეცხლზე 20 წუთით.
სულ ეს არის.
შენიშვნა:
ტიფტელს ნებისმიერი გარნირი უხდება, გნებავთ პიურე მოამზადეთ, გნებავთ წიწიბურა მოხარშეთ - როგორც უფრო გესიამოვნებათ.
ტიფტელის მოსამზადებლად 20 წუთი საკმარისია;
სასურველია, ხორცის ბურთულები ბრინჯის ფქვილში ამოავლოთ, თუმცა, თუკი ბრინჯის ფქვილი არ გაქვთ, პურის ფქვილით ისარგებლეთ;
თუკი ტომატის წვენი არ გაქვთ, გახსენით 2 სუფრის კოვზი ტომატი წყალში და მოასხით ბოსტნეულიან ტაფას.
გემრიელად მიირთვით!