- „X ფაქტორის“ შემდეგ უკმარისობის გრძნობა დამრჩა, ხალხს ბოლომდე ვერ ვაჩვენე ჩემი შესაძლებლობები. „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ რომ იწყებოდა, ჩემი დის დიდი სურვილი იყო, კიდევ ერთხელ მეცადა ძალები. მეც მინდოდა, საკუთარი თავის მიმართ კითხვის ნიშნები აღარ მქონოდა.
- ახალ პროექტში რა მოლოდინით მიხვედით?
- თავიდან ვღელავდი, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებულიც ვიყავი, თანაც გამიმართლა. კონკურსის პირველ დღეს „ქვინის“ somebody to love-ის შესრულებას მაყურებლისა და ჟიურის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება მოჰყვა.
- მომდევნო კონცერტიდან კონკურსანტების ბედს მაყურებელი SMS-ებით გადაწყვეტს...
- ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. მთავარია დავალება, რომელსაც მომცემენ, კარგად შევასრულო. ხალხი ყრუ არ არის და ვინ როგორ მღერის, ამას კარგად არჩევს. მაყურებელს თუ დიდ ემოციასა და მუხტს მივაწვდი, შედეგიც არ დააყოვნებს. ჩხოროწყუელების იმედიც მაქვს!
- ხშირად ჩადიხართ იქ?
- ჩხოროწყუ ძალიან მიყვარს და, რა თქმა უნდა, ხშირად ჩავდივარ. დედა ექიმი მყავს, მამა სოფლის მეურნეობის მთავარი სპეციალისტია. ოჯახი ჩემი დიდი გულშემატკივარია. მე თსუ-ში ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ და 6 წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ.
- მუსიკის გარდა, სხვა რა ინტერესები გაქვთ?
- ბავშვობიდან ბევრი ინტერესი მქონდა და თითქმის ყველაფერი მოვსინჯე - ქართული ცეკვები, ჭადრაკი, სპორტი. მაშინ გარდატეხის ასაკი და ხმის მუტაციის პერიოდი მქონდა, ამიტომ სიმღერა აღარ შეიძლებოდა. როცა სიმღერისთვის უკვე ისევ მზად ვიყავი, მთელი გულით დავუბრუნდი საყვარელ საქმიანობას.
- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- სოციალურ ქსელში გოგონები ბევრ დადებით შეტყობინებას მწერენ. ჩემს ხმას აქებენ და გარეგნობასთან დაკავშირებულ კომპლიმენტებსაც მეუბნებიან. ისე, ჩემს თაყვანისმცემლებს ვაცნობებ, რომ ჩემი გული თავისუფალია!