- ნინო როგორ ჩაიარა ჩვენებამ, რა მოლოდინი გქონდათ და გაამართლა თუ არა?
- ორთვიანი უდიდესი შრომის და ნერვიულობის შედეგად ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. იყო საკმაოდ დადებითი გამოხმაურება, ჩვენება მაშინვე Vogue.com-ზე აიტვირთა, ასევე დაინტერესდნენ მოდის სხვადასხვა ჟურნალები: Vogue Russia, Vogue Italy, Collezioni. სპეციალურად ამ მოდის კვირეულისთვის 35 უცხოელი სტუმარი იყო ჩამოსული. რაც შეეხება ჩემს კოლექციას, ინსპირაციის წყარო იყო იტალია.
- შთაგონების წყაროდ იტალია რატომ აირჩიეთ?
- შთაბეჭდილება მოახდინა, კლასიკურმა გარემომ და არქიტექტურამ, კუნძულ სიცილიაზე გამჭვირვალე ზღვის ფერი და ქვების ელფერი, შევეცადე, ნაქარგებად გადმომეტანა ჩემს კოლექციაზე. ნაქარგები საკმაოდ რთული შესასრულებლი იყო, ხელით იქარგებოდა 2 თვის მანძილზე, გამოყენებულია ნატურალური ქვები და შუშის ბისერი.
- ნერვიულობდით?
- არ არსებობს ჩვენება რომელზეც არ ვნერვიულობ. ყოველთვის ვცდილობ, ყოველი წლის კოლექცია საუკეთესო და დასამახსოვრებელი იყოს.
- ბრენდის ისტორია როგორ იწყება?
- ბრენდის ისტორია იწყება 2012 წლიდან, თუმცა მის შექმნამდე, სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ დიდი გზა გავიარე, პრაქტიკას გავდიოდი სხვადასხვა სამოდელო სახლებში, შევისწავლე სხვადასხვა ტექნიკა: ბატიკა, თექა, რაც იმ წლებისთვის ხელმისაწვდომი იყო. კონკრეტულად კი მოდელირება ტყავის განხრით მაქვს დამთავრებული. ვთანამშრომლობ სხვადასხვა ქვეყნის ბაიერებთან, ამ ეტაპზე ჩემი კოლექციები სტაბილურად იყიდება სამ ქვეყანაში -ყაზახეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში.
- გადაჭრით იცოდით, რომ ეს პროფესია გინდოდათ?
- დიახ, ბავშვობიდან გამოვირჩეოდი ხატვის ნიჭით, თოჯინებს ვუკერავდი კაბებს, მოზრდილ ასაკში მეგობრებს ვუკეთებდი საკარნავალო ნიღბებს, ვქარგავდი. ბევრი სირთულე შემხვდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია თავი დამენებებინა საქმისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს.